პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ში 

საინტერესოა, განიხილეს თუ არა თურქული კომპანიის გასვლის და „ნამახვანჰესის“ საკითხი ორი ქვეყნის პირველმა პირებმა, რომლებიც ერთმანეთს ნიუ იორკში შეხვდნენ.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზეც იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის მეთაური მოლდოველ კოლეგასთან ერთად პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრასაც დაესწრო, სადაც მთავარი თემა ევროკავშირში საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივა იყო. 24 სექტემბერს, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერის რანგში ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებს გაერო-ს ტრიბუნიდან მიმართავს. გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პანდემია და სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების პროცესში საქართველოს სამშვიდობო როლი იქნება.