ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის ნაწილის მწვავე კრიტიკის და საერთაშორისო სანქციების ფონზე პრემიერი სასამართლო კორპუსს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
მთავრობის მეთაური დღეს უზენაეს სასამართლოში მივიდა. მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრას ერთი მთავარი გზავნილი ჰქონდა: პრემიერ-მინისტრი მართლმსაჯულების სფეროს სრულად დამოუკიდებლად მიიჩნევს და მის დაცვას ხელისუფლების პრიორიტეტად აცხადებს. საკუთარ პოზიციას მთავრობის თავმჯდომარე სტატისტიკური თუ სარეიტინგო მონაცემებით და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობითაც ამყარებს. არგუმენტად სახელდება ბოლო წლების რეზონანსული საქმეების სადავო სასამართლო გადაწყვეტილებებზე სტრასბურგის სასამართლოს დასკვნებიც. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დიდი ბრიტანეთის და მანამდე აშშ-ის მხრიდან ცალკეული ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაც. გადაწყვეტილება გარე აქტორების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობად ფასდება. შანტაჟი და სასამართლოს შიგნიდან ჩამოშლის სურვილი – საკმაოდ მწვავეა უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის შეფასებაც.