პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესთან
რა მდგომარეობაშია ქართული ბიზნესი – დადებითი ტენდენციები, პრობლემები და გამოწვევები: პრემიერმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად ბიზნესმენებს მოუსმინა. მთავარ მიღწევად ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული მაჩვენებლები სახელდება. საკუთარ პოზიციას ხელისუფლება „იბიარდის“ ახალი ანგარიშითაც იმყარებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6-დან 7%-მდე გაზარდა, რაც ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში მშპ-ს ყველაზე მაღალი ზრდა ჩვენს ქვეყანაშია მოსალოდნელი.
ბიზნესმენები პრობლემად ბიუროკრატიულ ბარიერებს და კვალიფიციური კადრების სიმცირეს ასახელებენ. აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების მაჩვენებლის გაზრდის აუცილებლობაზეც. ცალკეულ სფეროებში გამოწვევებსა და ჩავარდნებზე საუბარს დღეს არც პრემიერ-მინისტრი მორიდებია. მთავრობის მეთაურმა ბიზნესმენებს სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს შექმნის პირობა მისცა და ამ კონტექსტში რეზონანსული კანონიც ახსენა. ეს იყო ბიზნესასოციაციის მიერ მოწყობილი კონფერენცია სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით.