პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში

თანამშრომლობა ღრმავდება ცენტრალური აზიის კიდევ ერთ ქვეყანასთან – ყირგიზეთში საქართველოს პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი რამდენიმე შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, შუა დერეფნის მარშრუტში ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, დამატებითი ტვირთების მოზიდვა, ერთობლივი პროექტები – ძირითადად ეს თემები იყო აქცენტირებული ორი ქვეყნის ეკონომიკური კომისიის სხდომაზე, რომელიც 10-წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართა. დაკავშირებადობის მხრივ და შუა დერეფანში ტვირთნაკადის გასაზრდელად საქართველოს მხრიდან განსაკუთრებული ინტერესია ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტის მიმართ. ვიზიტის მთავარი ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურის და ყირგიზეთის პრეზიდენტის შეხვედრაა. მხარეები ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებაზეც შეთანხმდნენ. ვიზიტის კიდევ ერთი მიმართულება იყო საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაზრდა. ყირგიზეთი 2027 წლიდან ერთი წლით გაერო-ს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრი იქნება.