გაუქმებული კონცერტი – პოლიტიკური შეფასებები
პოლიტიკური შეფასებების თემაა ფესტივალ „კამარას“ გადადების საკითხი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, ფესტივალ „კამარას“ გადადების შესახებ. „ყველაზე მძიმე არის ის, რომ ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი, როდესაც კულტურის ცენტრი აფინანსებს უკულტურობასა და ფაშიზმს, ეს არის წარმოუდგენელი მოვლენა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალის გადადების მიზეზად ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დაასახელეს. ფესტივალის ფარგლებში 26 სექტემბერს დაგეგმილი იყო მუსიკოს კორძის კონცერტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. განცხადება გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ „30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში“.