პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია

პრემიერის ხმაურიანი გამოსვლა პარლამენტში.

ინტერპელაციის წესით დაბარებული ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენამ მწვავე პოლიტიკური დებატების ფონზე ჩაიარა. 7-9 მარტის მოვლენები, უკრაინის ომი, ევროპარლამენტარების მწვავე რეზოლუციები და გამკაცრებული რიტორიკა, კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა – ამ თემებზე საუბარი ოპოზიციის ნაწილის მწვავე კრიტიკის ფონზე წარიმართა. პრემიერ-მინისტრის მხრიდან რუსეთის ოკუპაციის შემდეგ მთავარ საფრთხედ შიდა დესტაბილიზაციის და ომში ჩართვის მცდელობა დასახელდა, რაშიც „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია დაადანაშაულა. არეულობის გეგმის ნაწილად გამოცხადდა 7-9 მარტის მოვლენები და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაც. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც განსაკუთრებით მწვავე იყო რიტორიკა ყოფილი მმართველი პარტიის მისამართით, რომელსაც ოპოზიციის ნაწილთან ერთად მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ხელოვნურად დაბლოკვის მცდელობაში დასდო ბრალი, ევროკომისიის 12 პუნქტი კი, დეპოლარიზაციის გარდა, შესრულებულად გამოაცხადა.

არანაკლებ ხმაურიანი იყო ოპოზიციის გამოსვლებიც, ისმოდა ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები. პრემიერის მოსმენა დარბაზს გარეთ ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.