შედგება თუ არა დისკუსია ირაკლი კობახიძეს, ოპოზიციასა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის?- პრემიერ-მინისტრი დიალოგისთვის მზად არის. უფრო მეტიც, მთავრობის მეთაური ამბობს, რომ დისკუსიას საზოგადოების ნებისმიერ წევრთან, ნებისმიერ ფორმატში გამართავს. დისკუსიის ერთ-ერთ თემად ის საქართველოს ევროპულ მომავალს ასახელებს და მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს. თუმცა ოპოზიციისთვის განსახილველი არაფერია, მათთვის საუბრის ერთადერთი თემა ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია. ზოგადად კი, ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობას გამორიცხავენ. რაც შეეხება მმართველ გუნდს – „ქართულ ოცნებაში“ დისკუსიის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ამ დისკურსის თემა ხელისუფლების ლეგიტიმაცია ვერ იქნება.