პრემიერ-მინისტრის გზავნილები - პოლიტიკური შეფასებები

მძიმე კვირის შემდეგ არანაკლები ვნებათაღელვის საგანი ხდება 7-8-9 მარტის მოვლენებზე პრემიერ-მინისტრის პირველი შეფასებები.

განსაკუთრებით რეზონანსული ინტერვიუს ის ნაწილი აღმოჩნდა, სადაც მთავრობის მეთაური „ხალხის ძალის“ კანონპროექტების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებზე საუბრობს. მათი ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებად და „ფრანკლინის კლუბის“ ანარქისტებად მოიხსენია და სწორედ ისინი დაადანაშაულა პოლიციისადმი ძალადობაში და პროვოკაციებში. მთავრობის ხელმძღვანელის აზრით, გულწრფელი პროტესტით მისული ახალგაზრდები პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს. პრემიერმა ისაუბრა ხმაურიანი კანონპროექტების უკან გაწვევის მიზეზებზეც და გადაწყვეტილება ქვეყნის არეულობისგან დაცვის არგუმენტით სწორ სახელმწიფოებრივ ნაბიჯად შეაფასა. იყო კრიტიკა ცალკეული ევროპარლამენტარების მიმართ და მადლობა მმართველი გუნდის და პოლიციის მისამართით.

ოპონენტებმა პრემიერის განცხადებებიდან შეცდომის ვერ გააზრების და მუქარის გზავნილები ამოიკითხეს.