პრემიერ-მინისტრის გზავნილები მსოფლიო მთავრობათა სამიტზე

ქართული დელეგაცია დუბაიში.

საქართველოს საინვესტიციო გარემო დღეს მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს გააცნეს. სამიტს ათეულობით ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები, პოლიტიკური ლიდერები და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები ესწრებიან. პრემიერის გამოსვლებში აქცენტი შუა დერეფნის მარშრუტზე გაკეთდა, რომელმაც უკრაინის ომის დაწყების და უსაფრთხოების გლობალური გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. დასახელდა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც შუა დერეფნისადმი მზარდი ინტერესის პარალელურად საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად ასათვისებლად ხორციელდება. საერთაშორისო პლატფორმის მონაწილეებს მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა, ინვესტორების მხრიდან ნდობის კონტექსტში ახსენეს მსხვილი არაბული ინვესტიცია უძრავი ქონების სფეროში „იგლ ჰილსის“ პროექტების სახით, სამიტის დამსწრეებს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებულ მონაცემებზე და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს დაწინაურებულ პოზიციებზეც მიაწოდეს ინფორმაცია. ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება, გლობალური გადაზიდვის ხაზების მოზიდვა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლება, საქართველოს გავლით ტრანზიტის დროის შემცირება, გამტარუნარიანობის ზრდა მთავარ პრიორიტეტებად გამოცხადდა. დუბაიში რამდენიმე ორმხრივი შეხვედრაც გაიმართა.

„მოამბე“ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, – ანა ბროლაძე აშუქებს მსოფლიო მთავრობათა სამიტს.