პრემიერ-მინისტრის ღია წერილი

პოსტსაარჩევნო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკური ვნებათაღელვის თემაა.

დაკავებიდან ხუთი დღის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლის ვერსიების განსახილველად ვრცელ წერილს აქვეყნებს. ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებმა პოლიტიკური ურთიერთბრალდებები კიდევ უფრო გაამწვავა. მთავრობის მეთაური ციხეში შეგნებულად წასვლის ვერსიას საზღვრის უკანონოდ კვეთის არგუმენტით გამორიცხავს და დარწმუნებულია, რომ ექს-პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით ჩამოვიდა. პრემიერი დაკავების შემდეგ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის დამძიმებაზე და ამ ფონზე მის პარტიაში არსებულ დაბნეულობაზეც მიუთითებს.

წერილს საკმაოდ მძაფრი რეაქციები მოჰყვა – განსაკუთრებით იმ ნაწილს, სადაც მთავრობის ხელმძღვანელი ექს-პრეზიდენტის ნარკოდამოკიდებულებას ახსენებს.