საქართველოს პრემიერის მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტს – ირაკლი კობახიძის წერილს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა.
როგორც ირკვევა, ხელისუფლებას, რომელიც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებისთანავე ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვას პროგნოზირებდა, ოფიციალურ ვაშინგტონთან შეკითხვები აქვს. ოფიციალურ თბილისს აინტერესებს, ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყების არაერთი შეთავაზების ფონზე, რატომ იგვიანებს რეაგირება და შემხვედრი ნაბიჯები ამერიკიდან. ვრცელ წერილში უსამართლო მიდგომადაა შეფასებული ბაიდენის ადმინისტრაციის დროს საქართველოს მიმართ პოზიციონირება. ამავე კონტექსტში განიხილება ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება და წინა კვირას კონგრესის ქვედა პალატის მიერ მხარდაჭერილი „მეგობარი აქტი“, რომელიც საკმაოდ მწვავე შინაარსისაა. როგორც დღევანდელი საჯარო მიმართვიდან ირკვევა, ეს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის პირველი მცდელობა არ არის. წერილში ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ მხარდაჭერის და ღირებულებითი თანხვედრის ხაზგასმასთან ერთად საყვედურის და გაკვირვების ტონიც იკითხება.
რატომ არ ჩანს ექვსი თვის წინ შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის ნიშნები და აქვს თუ არა ურთიერთობის გადატვირთვას პერსპექტივა – მმართველი გუნდის და ოპოზიციის პროგნოზები ურთიერთგამომრიცხავია.