საქართველოს პრემიერი ამერიკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს. ირაკლი კობახიძის წერილში ვკითხულობთ: „რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის. აღნიშნული დუმილი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის.“ – წერს კობახიძე.
პრემიერი წერილში საუბრობს ამერიკა-საქართველოს მრავალწლიან ურთიერთობებზე და მის მნიშვნელობაზე, ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე, ასევე წერილში პრემიერი ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესებულ სანქციებსა და კონგრესის მიერ მიღებულ „მეგობარ აქტზე“ და მათ გაუგებარსა და აბსურდულს უწოდებს. ირაკლი კობახიძე წერილში საკმაოდ ვრცლად საუბრობს დიფ სთეითზე. „ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია.
მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის „დიფ სთეითის“ დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის.“ – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის ღია წერილში.