შალვა პაპუაშვილის განცხადება – გამოხმაურებები
საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ექსტრემიზმის იმ მასშტაბს, რომელიც შარშან, საზოგადოებამ ძალადობრივი დემონსტრაციების დროს იხილა.
„ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა, რომელმაც ადამიანის თუ ნივთის დაწვა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ფორმად გამოაცხადა. ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ევროკავშირის ელჩი, სანამ ის საჯაროდ და მკაფიოდ არ გაემიჯნება, ბენზინიანი ბოთლების ევროკავშირის სახელით დამზადებასა და სროლას. მართლაც სირცხვილია, რომ ბრიუსელი ევროკავშირს ძალადობასთან აიგივებს“, – წერს პაპუაშვილი.
„საქართველოში არის ეფექტიანი მართლმსაჯულება, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად საქმეების გადაწყვეტას. რაც შეეხება, ზოგადად, ამ 30 პატიმარს, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს – სინამდვილეში უსინდისო ქმედებების გამო არიან ეს ადამიანები კონკრეტული ბრალის ქვეშ. ათასამდე ადამიანი ძალადობდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გასულ წელს და ათასამდე ადამიანიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული, რაც მაღალ სტანდარტებზე მიანიშნებს. სინამდვილეში საქართველოში არის გამოძიების და სასამართლოს მაღალი სტანდარტი და სწორედ ამის გამო არის 3%-იანი მაჩვენებელი რეალურად. გახსოვთ, რა მასშტაბის ძალადობა ხორციელდებოდა გასული წლის ბოლოს და ამ მასშტაბის ძალადობის ფონზე მხოლოდ 30 პატიმარი მიანიშნებს სწორედ მაღალ სტანდარტზე“, – განაცხადა პრემიერმა.