პრემიერ-მინისტრის განცხადება

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის ჩაშლა შეაფასა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო ჯგუფი მზად იყო ევროპულ ბიუროკრატიასთან გულწრფელი დისკუსიისთვის, თუმცა, ისინი გაურბიან დიალოგს, რადგან საქართველო მართალია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით. ამავე გადაცემაში პრემიერი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროპული გაერთიანება ეძებს გზებს, როგორ გადასცენ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ არ დაზარალდნენ, რადგან საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მისცემენ ფულს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროპელმა ბიუროკრატებმა პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად და როგორც ცნობილია, აღნიშნული თანხები ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობის ხუთ სხვადასხვა მცდელობას, NGO-ების მეშვეობით.