პრემიერ-მინისტრის გამოსვლა SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმზე

საქართველოს მონაწილეობით დაგეგმილი მასშტაბური საერთაშორისო პროექტები – ქვეყნის გაზრდილ სატრანზიტო პოტენციალს ბაქოში განიხილავენ.

ეკონომიკურ ფორუმს ცენტრალური აზიის ქვეყნების პირველი პირებიც ესწრებიან. დღის წესრიგის მთავარი მიმართულება შუა დერეფნის მომავალია, რომელმაც უკრაინის ომის და გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ევროპა-აზიის დამაკავშირებელ გზაზე საქართველოს როლი მნიშვნელოვანია. ტვირთების გადაზიდვის და ენერგორესურსების ტრანზიტის ალტერნატიული მარშრუტის გასავითარებლად და საჭირო ინფრასტრუქტურით აღსაჭურვად რვა ქვეყნის ლიდერები კონკრეტულ პროექტებს განიხილავენ. პორტები, რკინიგზის მოდერნიზაცია, გზების და მაგისტრალების გაყვანა – სიტყვით გამოსვლების დროს რამდენჯერმე ახსენეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი, რომლის მშენებლობის დაწყება 2024 წლიდან არის დაანონსებული.

ფორუმის გახსნამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერი მიიღო.