პრემიერ-მინისტრის გამოსვლა საერთაშორისო კონფერენციაზე უნგრეთში

ბუდაპეშტში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოვიდა.

ღონისძიებაზე დელეგატებს ასევე მიმართავს მასპინძელი ქვეყნის პრემიერი ვიქტორ ორბანი, რომელიც დღესვე პირისპირ შეხვდება ირაკლი ღარიბაშვილს. „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“ – ეს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის წლევანდელი დევიზია. კონფერენცია იმ პოლიტიკოსთა უმნიშვნელოვანეს კონსერვატიულ შეკრებას წარმოადგენს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონსერვატიული მიდგომების მომავლით. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლები. ბუდაპეშტი კონფერენციას უკვე მეორედ მასპინძლობს. კონფერენცია ორდღიანია და დღეს და ხვალ ჩატარდება. უნგრეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე. ევროპაში არსებული ენერგოკრიზისის ფონზე, შეხვედრებზე განხილვის თემა იქნება ის მასშტაბური პროექტი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ევროპისთვის მიწოდებას გულისხმობს და რომელშიც უნგრეთიც მონაწილეობს.

საერთაშორისო კონფერენცია უნგრეთში #მოამბე სპეციალური გამოშვება