პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში

კითხვა-პასუხის ფორმატს წინ თითქმის ორსაათიანი ანგარიშის პრეზენტაცია უძღოდა.

პრემიერ-მინისტრმა გამოსვლა კოვიდ-პანდემიით დაიწყო, სწორედ კორონავირუსის გამო შეცვლილი დღის წესრიგი და სხვადასხვა სფეროსთვის მიყენებული მასშტაბური ზარალი იყო 150-გვერდიანი ანგარიშის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. მთავრობის მეთაურმა პრიორიტეტად პანდემიით გაუარესებული ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება, უმუშევრობის დონის შემცირება, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა და ბიზნესის მხარდაჭერა გამოაცხადა. ამ მიზნით დაანონსდა რამდენიმე ინიციატივაც. მათ შორისაა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის პროგრამა, 1300 ახალი საწარმოს და 400 სასტუმროს დაფინანსება, მცირე და საშუალო საწარმოებში 100 000 მოქალაქის დასაქმება და სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარებების გაორმაგება. ანგარიშს, რომელიც ყველა სფეროს მოიცავდა, არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. უკვე გატარებულ ზომებს და დაანონსებულ გეგმებს მმართველი გუნდისგან ტაში, ოპოზიციისგან კი მწვავე კრიტიკა მოჰყვა. დეპუტატებს შორის იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც.