პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში
საქართველოდან ჩატანილ სამეწარმეო პროდუქციას, ღვინოს, კულტურას და ისტორიას მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან. შანხაიში ჩვენი ქვეყანა საპატიო სტუმრის სტატუსით პირველად არის წარმოდგენილი.
გამოფენა, რომელიც 155 ქვეყნიდან 4 000-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. 40-მდე ქართულ კომპანიას ჩინეთის ბაზრის ასათვისებლად და ექსპორტის გასაზრდელად ახალი კონტაქტების დამყარების საშუალება აქვს. პოლიტიკურთან ერთად სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ასახელებს ვიზიტის მიზნად ჩინეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გამოფენის გახსნის ცერემონიაში ჩინელ კოლეგასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ჩინეთის პრემიერის შემდეგ გაიმართა შეხვედრა შანხაის მერთანაც. პრიორიტეტად სახელდება 2023 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება, საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, ჩინური ინვესტიციების მოზიდვა და ტურისტული ნაკადების ზრდა. შეხვედრების დროს არაერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს. ამ კონტექსტში ახსენეს კონკრეტული პროექტებიც.