პრემიერმა პარლამენტს ანგარიში ჩააბარა.
კორუფციასთან ბრძოლა მთავრობის მეთაურის დღევანდელ გამოსვლაში განსაკუთრებულად იყო აქცენტირებული. ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის კონკრეტული გზამკვლევით აღდგენისთვის მზაობა და 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი – ასეთია საგარეო მიმართულებით ორი მთავარი გზავნილი, იქვე ხაზი გაესვა ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების აუცილებლობას. დაანონსდა ახალი ინიციატივები და გეგმები. სიღარიბე დღეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, 2012 წლიდან დღემდე უმუშევრობის განახევრება კი ერთ-ერთ მთავარ მიღწევად დასახელდა. სამ წელში სიღარიბის 4%-მდე შემცირება და უმუშევრობის დონის ამავე მაჩვენებლამდე დაწევა – ასეთია გეგმა, რომელიც 2028 წლამდე 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას და საშუალო ხელფასის 3 500 ლარამდე ზრდას გულისხმობს. ანგარიშმა ყველა სფერო მოიცვა. განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკური ზრდის სტიმულირების პროექტებზე და ინვესტიციების მოზიდვაზე გაკეთდა.