პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრს შეხვდრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრისას საუბარი საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და ჯანდაცვის სფეროში აქტიურ თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობამ, კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა, როგორც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის, ისე მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით. ხაზი გაესვა თურქეთის კლინიკებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, პარტნიორობის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.