პრემიერ-მინისტრი რეიკიავიკის სამიტზე

ევროპელი ლიდერების შეკრება რეიკიავიკში და საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები – ისლანდიის დედაქალაქში ევროსაბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა სამიტი დასრულებულია.

ევროპის ქვეყნების მეთაურთა დღევანდელი განცხადებები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდა. სამიტზე, რომლის დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის ომი და რუსეთის აგრესია იყო, არაერთმა ევროპელმა ლიდერმა გამოსვლებში საქართველოც ახსენა და მისი, როგორც რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნის მხარდაჭერის აუცილებლობას მკაფიოდ გაუსვა ხაზი. ამავე კონტექსტში იყო პირდაპირი მოწოდებები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების შესახებ. სამიტის მონაწილეებს მიმართა საქართველოს პრემიერმაც. ქვეყანა წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს იმსახურებს – ამ გზავნილით წარდგა ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელი ლიდერების წინაშე. გამოსვლაში აქცენტირებული იყო ის სამუშაოები, რომლებიც ქვეყანამ ივნისის შემდეგ სწორედ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ჩაატარა.