პრემიერ-მინისტრი კელი დეგნანს შეხვდა

უკრაინაში მიმდინარე ომი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორული ურთიერთობების გამყარება იყო პრემიერ-მინისტრისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კი საომარი მოქმედებების დროს არ შეუჩერებიათ მუშაობა კიევში, ოდესასა და ლვოვში. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყების დღიდან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, უკრაინაში უკვე გაგზავნილია 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი და პროცესი გრძელდება, საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს კი მაქსიმალური მხარდაჭერა გაეწიათ ყველა შესაბამისი სამსახურის მხრიდან. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრო.

დატოვე კომენტარი