პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე

21:12, 23.09.2026

გლობალური გამოწვევების და ახალი საერთაშორისო დღის წესრიგის ფორმირების ფონზე მსოფლიო პოლიტიკის მთავარი საკითხები ნიუ-იორკში წყდება.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მონაწილეებს ხვალ საქართველოს პრემიერი მიმართავს. დიდი ალბათობით გამოსვლაში მშვიდობის დაცვის და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები იქნება ხაზგასმული. სავარაუდოდ, ყურადღება დაეთმობა ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას. მთავარი გზავნილები, რასაც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია ასამბლეის სესიის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიებზე აჟღერებს, ომების და კონფლიქტების მზარდი საფრთხეების ფონზე სწორედ მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და მრავალმხრივი პარტნიორობის ჩამოყალიბებაა. მშვიდობაზე და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ფინეთის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზეც. საერთაშორისო დღის წესრიგის რღვევის ფონზე სწორედ ნდობის აღდგენაა გაერო-ში წლევანდელი სესიის მთავარი თემა. გაერო-ს ტრიბუნასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2024 წლის ბოლოს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ ეს ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტია აშშ-ში. ახლა საინტერესოა, ისაუბრებს თუ არა მიმართვაში პრემიერი ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვაზე და პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებაზე, რაც ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. ნიუ-იორკში მყოფი ქართული დელეგაცია საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსაც ხვდება.

„მოამბე“ ნიუ-იორკიდან – სალომე ქოქიაშვილი აშუქებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიას.

მსგავსი