50-მდე ქვეყნის ლიდერები ერთ სივრცეში – ალბანეთი ევროპული გაერთიანების სამიტს მასპინძლობს.
ტირანაში იმყოფება საქართველოს პრემიერი. სამიტის ფორმატი არაფორმალური შეხვედრების შესაძლებლობასაც იძლევა, რაც საქართველო-ევროკავშირს შორის გაუარესებული ურთიერთობის და ევროპელი ლიდერების მკაცრი მოწოდებების ფონზე განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ირაკლი კობახიძეს რამდენიმე ლიდერთან პირადად გასაუბრების საშუალება მიეცა – მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან. პრემიერი ამბობს, რომ გარკვეული შეზღუდვების შემდეგ ევროპელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობით არიან დაინტერესებულები. პარალელურად მთავრობის მეთაურმა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარე თემატურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა – როგორც წინასწარ იყო დაანონსებული, პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო პლატფორმა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრისთვის გამოიყენა. სამიტზე იმყოფებიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებიც.
რა გზავნილები მიიღო ქართულმა დელეგაციამ ევროპელი ლიდერებისგან და რა შემაშფოთებელ ტენდენციებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, – სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ალბანეთის დედაქალაქში მიმდინარე სამიტს.