პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს და ხაზი გაუსვეს მიღწეულ პროგრესს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე.

რეფორმები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა, აგრეთვე არსებული ინიციატივები ევროკავშირის მხრიდან, პოზიტიურად შეფასდა. ითქვა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც, თავის მხრივ, ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის ტემპს გაზრდის.

შეხვედრისას, აგრეთვე საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და პოზიტიურად შეფასდა ის ქმედებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა უვიზო მიმოსვლის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.