პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა. მთავრობის მეთაურმა გენერალს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პრემიერის თქმით, ევროინტეგრაცია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტებია. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ დაადასტურა მზაობა, განაგრძოს მხარდაჭერა და წვლილი შეიტანოს ნატო-ს ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონში შექმნილ ვითარებას. პრემიერმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.