პრე-აქსელერაციის პროგრამა „შარქ თენქის“ მონაწილეებისთვის

პროექტ „შარქ თენქ საქართველოს“ პირველი სეზონის მონაწილეები, პირველი არხის ინიციატივით და დაფინანსებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამას გაივლიან.

პროგრამა ჯამში სამ კვირას მოიცავს. პირველი ორი კვირა თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს დაეთმობა, ხოლო მესამე კვირა ინდივიდუალური კონსულტაციებით იქნება დატვირთული. ტრენინგების სერია საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გახსნა.

შარქ თენქ საქართველოს“ მეორე სეზონი საქართველოს პირველი არხის ეთერში სულ მალე დაიწყება. SONY Pictures-ის პოპულარულ სატელევიზიო მეგაშოუს საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს წინა წლის ნოემბრიდან სთავაზობს. პირველ სეზონზე დაფინანსდა პროექტის 14 მონაწილე და ჯამში $1.5 მილიონზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ეს არის პირველი არხის მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელიც დამწყებ ბიზნესს საშუალებას აძლევს, ინვესტიცია მოიპოვოს, პროცესს კი, მაყურებელს საინტერესო ფორმით სთავაზობს. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ ბიზნესში ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.