პოსტსაარჩევნო ცვლილებები პოლიტიკურ ძალებში.
კოალიცია „ძლიერი საქართველო“ პრაქტიკულად დაშლილია. „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე ადასტურებს, რომ კოალიციაში შემავალი მისი მოძრაობა ახლა დამოუკიდებლად საქმიანობს. მამუკა ხაზარაძის „ლელო“, „თავისუფლების მოედანი”, ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ძალა და ანა დოლიძის პარტია – სწორედ ამ ოთხი ძალისგან შედგებოდა საპარლამენტო არჩევნების წინ ფორმირებული კოალიცია, რომელმაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა და სხვა ოპოზიციური აქტორების მსგავსად ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით დაწყებულ აქციებს შეუერთდა. ახლა კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალების ლიდერები განმარტავენ, რომ ცალ-ცალკე საქმიანობის მიუხედავად, ურთიერთობა და თანამშრომლობა გრძელდება, კოალიციურ ფორმატს კი ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში აღადგენენ. გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებებია „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობაშიც“.