პორტოში მიღებული დეკლარაცია, რომელსაც საქართველოში საკმაოდ დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა მოჰყვა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დამტკიცებულ დოკუმენტში ოფიციალურ თბილისს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკურ პატიმრებად მოხსენიებული დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. გაწერილია სხვა მოთხოვნებიც. „ქართული ოცნება“ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ სენატორის და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეული ჯო უილსონის მიერ ინიცირებულ შესწორებებად აცხადებს საკმაოდ მკაცრად ფორმულირებულ ჩანაწერებს, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებსა და პოსტსაარჩევნო მოვლენებს ეხება და რომლებიც თავისი შინაარსით ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადებისგან მკვეთრად განსხვავებულია. არანაკლები რეზონანსი გამოიწვია რეზოლუციის იმ პუნქტმაც, რომელშიც სირიის ახალ ხელისუფლებას საქართველოს და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი ჩანაწერი დეკლარაციაში საქართველოს დელეგაციის წევრების ინიციატივით შეიტანეს და საბოლოო ტექსტშიც ასახეს, თუმცა სხვა პუნქტების შინაარსის გამო დოკუმენტს ქართულმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა, რის გამოც ოპონენტების მწვავე კრიტიკის და ბრალდებების მორიგ სამიზნედ იქცა.