პოროშენკოს სასამართლო პროცესი

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქმეზე სასამართლო სხდომა 19 იანვრამდე გადაიდო. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პეჩორსკის რაიონულ სასამართლოში, სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პროცესი გუშინ შუა დღეს დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. თავად პოროშენკო უკრაინაში პოლონეთიდან სწორედ სასამართლო სხდომის დღეს დაბრუნდა და საქმის განხილვაზე პირდაპირ აეროპორტიდან მივიდა. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

დატოვე კომენტარი