პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

პოლონეთის მმართველი „სამართლის და სამართლიანობის“ პარტია არჩევნებში გამარჯვებას უკვე მესამედ შეეცდება. პოლონეთის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის არჩევნებში გამარჯვება ქვეყანას ევროკავშირიდან გასვლის გზაზე დააყენებს. პოლონეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა და საღამოს 9 საათზე დაიხურება. პოლონეთის მოქალაქეები სეიმის 460 წევრს და სენატის 100 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, ამომრჩევლები უპასუხებენ რეფერენდუმის კითხვებს საპენსიო ასაკის, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან არალეგალური მიგრანტების მიღებისა და ბელარუსის საზღვრის გამაგრების შესახებ.