პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ბანკის დაყაჩაღების საქმეზე პოლიცია ქართული ორგანიზებული დანაშაულის კვალს იძიებს. პოლონური მედია საქმის გამომძიებლებზე დაყრდნობით წერს, რომ ოთხი მამაკაცი ერთმანეთს აღმოსავლური აქცენტით ესაუბრებოდა და ისინი სავარაუდოდ ქართველები არიან.
თავდაპირველად თავდამსხმელები ბადრაგს დანით დაესხნენ თავს, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, დაცვის თანამშრომელს თავში ჩაარტყეს, რომელიც ძირს დაეცა. ბადრაგმა თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნა და ათამდე ტყვია ესროლა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი დაჭრილია. სამართალდამცველები მიმართავენ საავადმყოფოებს, სასწრაფოდ აცნობონ პოლიციას პაციენტის ნებისმიერი საეჭვო დაზიანებების შესახებ. თავდამსხმელები ადგილიდან ავტომობილით მიიმალნენ, რომელიც მიატოვეს და სხვა ავტომობილით გაიქცნენ. პოლიციამ უკვე დაადგინა, რომ ავტომობილის მფლობელი ვარშავის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი ქალაქის მკვიდრია. მას მანქანა მოპარეს. ყაჩაღობის შედეგად ნახევარი მილონი პოლონური ზლოტია წაღებული.