პოლონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - გამოხმაურებები

კაროლ ნავროცკი – პოლონეთის მომავალი პრეზიდენტია. მეორე ტურში მან ამომრჩეველთა ხმების 50,9 % დაიმსახურა. მას მხარს ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა უჭერდა. მმართველი პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ 49.1% მიიღო. ნავროცკი კონსერვატიული ნაციონალისტია, რომელიც აცხადებს, რომ ევროპა კრიზისშია. ის მიიჩნევს, რომ ბრიუსელი ზედმეტად ერევა პოლონური ღირებულებებისა და ტრადიციების საკითხში. მან ასევე ხელი მოაწერა დეკლარაციას, რითაც სხვა საკითხებთან ერთად, პირობა დადო, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას არ დათანხმდება. ამასთან, ნოვაცკი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის პოლიტიკას, ის გასულ თვეში თეთრ სახლშიც იმყოფებოდა, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეხვდა. ტრამპმა ნავროცკის არჩევნებში გამარჯვება უწინასწარმეტყველა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ ტუსკისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს, შესაბამისად, სავარაუდოდ ნავროცკი ვეტოს უფლებით პრემიერ მინისტრის რეფორმებს შეაფერხებს. პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობას ახლად არჩეულ სახელმწიფოს მეთაურთან, კაროლ ნავროცკისთან თანამშრომლობა მოუწევს.

კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ. „პატრიოტების კიდევ ერთი გამარჯვება! ვულოცავ ნავროცკის! პოლონეთი და უნგრეთი კარგი მეგობრები არიან“, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მისალოცი ტექსტი გაავრცელა ევროკომისიის პრეზიდენტმაც. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს პოლონეთთან კარგ თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ მშვიდობის, დემოკრატიისა და ღირებულებების მქონე საზოგადოებაში. ამიტომ, მოდით, ვიმუშაოთ ჩვენი საერთო სახლისთვის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ახალ პრეზიდენტს მიულოცა ვოლოდიმერ ზელენსკიმაც. „ჩვენს კონტინენტზე ერთმანეთის გაძლიერებით, ჩვენ ევროპას უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ გლობალურ კონკურენციაში და რეალური და მდგრადი მშვიდობის მიღწევა უფრო ახლოვდება. მოუთმენლად ველი პოლონეთთან და პირადად პრეზიდენტ ნავროცკისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას,“- წერს ზელენსკი.