პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და გზავნილები

საქართველოში ოკუპაციის მძიმე შედეგები და მავთულხლართებით გაყოფილი სოფელი საკუთარი თვალით ნახა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს პოლონეთის პირველი დიპლომატი სტუმრობს. ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრების გარდა ზბიგნევ რაუმ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მოუსმინა. პარლამენტში გამართულ დახურულ შეხვედრას მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ესწრებოდნენ. დღის წესრიგის მთავარი თემები ოკუპაცია, რუსული აგრესია და უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და მისი პოლონეთში გადაყვანის საკითხიც დააყენა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია და პოლარიზაციის შემცირება იყო.