პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა პრეზიდენტთან

საქართველოში ვიზიტად მყოფი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა ზბიგნევ რაუ ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრა გაიმართა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ამ კუთხით პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.