პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაცია აჭარაში
პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მთავრობის წევრებთან და ქალაქ ბათუმის მერთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, რეგიონებს შორის არსებული პარტნიორობის პრაქტიკული ნაწილი და ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა დონზე ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ხაზი გაესვა პოლონეთის ტურისტულ ბაზარზე აჭარის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა სისტემატურად მონაწილეობს პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, რაც რეგიონის ცნობადობის ზრდასა და პოლონეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას უწყობს ხელს. შეხვედრის ფარგლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უწყებების საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. დღესვე, პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უმასპინძლა. ცოტნე ანანიძემ რეგიონებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან ახალი ერთობლივი პროექტები განახორციელონ.