პოლონეთი ბელარუსს ადანაშაულებს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მიუხედავად გაუმჯობესებული ვითარებისა, ის სასაზღვრო დაპირისპირების გარკვეული დროით გაგრძელებას ელოდება. მისი განცხადებით, ბელარუსმა მესაზღვრეებმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე განთავსებული მიგრანტების მართვის ტაქტიკა შეცვალეს. მისივე თქმით, ახლა მიგრანტთა მცირე ჯგუფები საზღვრის გადაკვეთას ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ცდილობენ და ამაში მათ ბელარუსი მესაზღვრეები ეხმარებიან. თავდაცვის მინისტრის ცნობით, გასულ დღეს, საზღვრის დარღვევის 195 ფაქტი დააფიქსირეს. მისივე განცხადებით, მიგრანტები აგრესიულად იქცეოდნენ და პოლონელი მესაზღვრეების მიმართულებით ქვებს და ცრემლსადენი გაზის ყუმბარებს ისროდნენ. პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არალეგალ მიგრანტთა ნაკადი მაისის თვიდან მოყოლებული არ წყდება. ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას მიგრანტების გამოყენებით „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ სდებს ბრალს. ამის გამო, რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.