პოლიტპატიმარი ზაზა სამხარაძე გამართლდა

მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის დამნაშავედ ცნობილი პოლიტპატიმარი ზაზა სამხარაძე გაამართლა.

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული თეიმურაზ ნაოჭაშვილის მიმართ კი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის გაასამართლეს, პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე, დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, სამ დაზარალებულს დაუბრუნდება ზუგდიდსა და ანაკლიაში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები.

დაახლოებით 10 წლის წინ მომხდარ საქმეებზე პროკურატურამ ხელახალი გამოძიება ჩაატარა, რის ფარგლებშიც მოიპოვეს ახალი მტკიცებულებები.

პროკურატურამ დაადგინა, რომ მაგალითად, ზაზა სამხარაძის წინააღმდეგ მოქმედებდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, რისთვისაც მისი დაკავება და პროვოკაცია დაიგეგმა.

რაც ეხება პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ თეიმურაზ ნაოჭაშვილს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი იყო და აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ოპოზიციურ მოძრაობაში.