პოლიტიკური შეთქმულების სკანდალი აშშ-ში და საქართველო
რვა წლის შემდეგ გასაჯაროებული დოკუმენტები და პოლიტიკური სკანდალი, რომელიც ახლა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ბრალდებები სულ უფრო მძიმდება.
ბარაკ ობამას შემდეგ ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი უსაფრთხოების სამსახურის იმ ყოფილ მაღალჩინოსნებსაც ასახელებს, რომლებსაც ტრამპის წინააღმდეგ მოღალატეობრივ შეთქმულებაში ადანაშაულებს. ტულსი გაბარდი კიდევ ერთხელ ახსენებს ე.წ. დიფ სთეითს, რომელსაც მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გასაჯაროებაში ხელის შეშლაში სდებს ბრალს. ამერიკელი მაღალჩინოსანი სპეციალური ჯგუფის მიერ ჩატარებული მოკვლევითი სამუშაოების და კონკრეტული დოკუმენტების მოძიების შემდეგ ასკვნის, რომ 2017 წელს ჯერ ისევ მოქმედი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დავალებით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გაყალბებული სადაზვერვო მასალები მომზადდა. სწორედ ამ მასალების საფუძველზე ამტკიცებდნენ, რომ 2016 წელს ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთი ჩაერია და სწორედ მისი დახმარებით მოხდა ტრამპის არჩევა. საბოტაჟი, თაღლითობა – რეაქციები საკმაოდ მძაფრია თეთრი სახლიდან. ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ყველა გამოსვლაში ე.წ. დიფ სთეითზე და მისთვის არასასურველ ძალებთან ბრძოლის მეთოდებზე აკეთებს აქცენტს, რაც ქართველი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელ ნარატივს ემთხვევა – ამ კონტექსტში ამერიკის დაზვერვის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგებს და ძიების დაწყების მოთხოვნას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა საქართველოშიც.