პოლიტიკური შეფასებები სააკაშვილის განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინასთან ურთიერთობის დაზიანების საფრთხეზე ალაპარაკდა.

ამ რისკს სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებაში ხედავს. საუბარია რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ მიმართვაზე, სადაც უკრაინის მოქალაქე ექს-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულს უწოდებს და მის მოშორებას უკრაინის ინტერესადაც აცხადებს. ამ გზავნილის შემდეგ უკვე ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებსაც უწევთ განმარტებების კეთება. ავსტრიის ელჩმა დიპლომატიურად ექს-პრეზიდენტს დუმილის უპირატესობაზეც კი მიუთითა. კიდევ ერთი ბრალდების მოსმენის შემდეგ მმართველი გუნდი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელს საკუთარი მმართველობის წლებს და 2008 წელს სტრასბურგში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერით მიღებულ ცნობილ რეზოლუციას ახსენებს.