პოლიტიკური შეფასებები „აქტუალურ შაბათში“

როგორ ხედავს მმართველი გუნდი ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების პროცესს – ეს იყო კითხვა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე „გირჩის“ წევრებმა დასვეს. ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ათი პუნქტის მიმართ გარკვეული ოპტიმიზმი არსებობს, თუმცა ორი საკვანძო პუნქტის- დეპოლარიზაციისა და სახალხო დამცველის არჩევის საკითხის შესრულება საკმაოდ რთული იქნება. საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად” ალექსანდრე რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის სრულიად აუხსნელია ოპოზიციის იმ ნაწილის პოზიცია, რომელიც პაპუაშვილთან შეხვედრას არ ესწრებოდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი ფიქრობს, რომ მიმდინარე პროცესებიდან, ისტორიას დარჩება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა ევროპასა და ევროკომისიის რეკომენდაციებს.