ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ანონსთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ყველა მონაწილის დასჯას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ასევე ხელმძღვანელი პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. მმართველ გუნდში კი ამ განცხადებებს მანიპულაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული მედიასაშუალების წარმომადგენლებმა და ოპონენტებმა კარგად იციან, რომ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სამართალდამცავმა უწყებამ უკვე მოახდინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ანონსთან დაკავშირებით, რომელშიც პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულზეა საუბარი, განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ: „საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში, ქობულეთში მივლინებით მყოფ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია განცხადებაში.