პოლიტიკური პროცესი - პოლარიზაცია და ურთიერთბრალდებები

სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებმა ქვეყანაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაზარდა.

ყოფილი პრეზიდენტის პარტია და დანარჩენი ოპოზიციის ნაწილი სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტს პოლიტიკური შურისძიების აქტად და სასიკვდილო განაჩენად აცხადებენ. მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნაზე მთელი ოპოზიციური სპექტრი თანხმდება. თუმცა, პროტესტის გამოხატვის ფორმებზე ოპოზიციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა. სააკაშვილის შიმშილობას სიყალბედ, მისი ჯანმრთელობის საკითხს და გუშინ განვითარებულ მოვლენებს კი „ნაციონალური მოძრაობის“ დესტაბილიზაციის გეგმის ნაწილად მიიჩნევს მმართველი გუნდი. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ოპონენტ ძალას სამოქალაქო კლინიკაში ექს-პრეზიდენტის გადაყვანა რადიკალური გეგმების შესასრულებლად სჭირდებათ. ამ კონტექსტში მმართველი პარტია ახსენებს მოშიმშილე ელენე ხოშტარიას და ინფორმაციის წყაროს მითითების გარეშე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის რიგებში მისი მოწამვლის გეგმა განიხილებოდა. ამ ინფორმაციაზე „ლელო“ გენერალურ პროკურატურას სასწრაფო გამოძიების დაწყებას სთხოვს.