მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და გაყოფილი პოზიციები ოპოზიციურ ფლანგზე – ხელისუფლება რამდენიმე კვირაში საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებას აანონსებს.
ოპოზიციური ძალების ნაწილს კი ამ დრომდე არ აქვს ცალსახა პასუხი კითხვაზე, გამორიცხავენ თუ არა საკრებულოებისა და მერების არჩევნებში ჩართვას. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დღევანდელმა განცხადებამ ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. ფინანსები, პარტიული სტრუქტურების გაძლიერება – პარლამენტის თავმჯდომარე ექსპ-პრემიერ გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის პარტიების მხრიდან წინასაარჩევნო მზადებას უკვე დაწყებულად აცხადებს. და ეს მაშინ, როცა არჩევნებთან დაკავშირებით მითითებული პოლიტიკური ძალების ოფიციალური პოზიცია ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა დროსთან ერთად სულ უფრო იზრდება იმ პოლიტიკური ძალების რიცხვი, რომლებიც საარჩევნო მარათონში მონაწილეობის ალბათობას უშვებენ. გასხვავებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ახლებისგან“, რომლებიც მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას განიხილავენ – ისიც ცესკო-ს ახალი შემადგენლობითა და ახალი წესებით. შეცდომა თუ სწორი და თანმიმდევრული სტრატეგია – შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა ხედვებმა ექს-პრეზიდენტის გარშემო შექმნილ წინააღმდეგობის პლატფორმაში პირველი ბზარი უკვე გააჩინა.