პოლიტიკური პარტიების საარჩევნო გეგმები

ვის რა შანსი აქვს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში – თემა ამჯერად მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებამ გაააქტიურა. ირაკლი კობახიძის პროგნოზით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეუძლია. მმართველი გუნდის პროგნოზი შიდა კვლევების მონაცემებს და ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს ეყრდნობა. 2020 წლის არჩევნების პროპორციულ ნაწილში მმართველმა პარტიამ ხმების 48,22 % აიღო. რამდენად რეალურია, რომ ხელისუფლებაში მესამე ვადით მყოფმა პარტიამ ეს მონაცემები ოქტომბერში კიდევ უფრო გაზარდოს – ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება სახელდება. თუმცა, ეს ფაქტი ოპოზიციისთვის მმართველი გუნდის რეიტინგის კლების დასტურია. ცალკეული ოპონენტები ოპოზიციის არცთუ სასურველ საარჩევნო პოზიციებს აღიარებენ, თუმცა ხელისუფლების მარცხში დარწმუნებულები არიან. 5%-იანი ბარიერის პირობებში ოპოზიციისთვის გამარჯვების გზა ერთობასა და კონსოლიდაციაზე გადის, თუმცა ფაქტია, რომ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისგან დისტანცირდა.