რვა ოპოზიციური ძალის ერთობლივი განაცხადი და ორი პარტიის გასხვავებული პოზიცია – თვითმმართველობის არჩევნებზე უთანხმოებას ვერც პროტესტის უკიდურესმა ფორმამ დაუსვა წერტილი.
ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შიმშილობის და ბოიკოტისკენ მოწოდებების მიუხედავად, მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას პარტიები საკუთარი დღის წესრიგის გადახედვას არ აპირებენ. ექს-პრემიერის პარტია მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადება, „ლელო“ კი გადაწყვეტილების გამოცხადებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. შესაბამისად, არცერთი მათგანი არ უერთდება იმ რვა პოლიტიკური სუბიექტის განცხადებას, რომლებიც 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და ხელისუფლების ცვლილების მთავარ გზად მასთან არ თანამშრომლობას მიიჩნევენ. სწორედ მათი გუშინდელი ერთობლივი პოზიცია გახდა ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძის მხრიდან სამდღიანი შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი. თუმცა განცხადების ხელმომწერ რვავე პოლიტიკურ ძალას მანამდეც არაერთხელ ჰქონდათ დაფიქსირებული, რომ მერების და საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდნენ.