პოლიტიკური პარტიები „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ

ოპოზიციის ნაწილი „დოსიეს“ მიერ „პატრიოტთა ალიანსზე“ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე პროკურატურისგან და სუს-ისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მათი განმარტებით, ამ ანგარიშებში დასტურდება, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დაფინანსებასა და საარჩევნო კამპანიისთვის ინსტრუქციებს რუსეთიდან იღებს.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ საკითხის მოკვლევა აუდიტის სამსახურის პრეროგატივაა და თუ აუდიტის სამსახური პრობლემას აღმოაჩენს, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება. „პატრიოტთა ალიანსში“ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების აქტიურ მონიტორინგს უკვე ახორციელებს.

როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, „დოსიეს“ მიერ ინფორმაციის გავრცელების ფონზე, კიდევ უფრო აქტიურად მოხდება „პატრიოტთა ალიანსის“ ფინანსური დეკლარაციების შესწავლა – როგორც შემოწირულობების, ისე ხარჯების ნაწილში. „პატრიოტთა ალიანს“ მასალების წარსადგენად ვადა 7 სექტემბრამდე აქვს.