ერ-რიადში გამართული მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების გზავნილები ერთმანეთის მისამართით მწვავდება. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი წლის თავზე, აშშ-ის პრეზიდენტმა კონფლიქტის დაწყებაში ნაწილობრივ უკრაინა დაადანაშაულა. ამასთან ერთად დონალდ ტრამპმა ღიად მოითხოვა უკრაინაში არჩევნების ჩატარება. ამერიკის პრეზიდენტის ამ განცხადებებს უკვე მოჰყვა პასუხი უკრაინის ლიდერისგან. ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. მისივე თქმით, რუსეთთან გამართული მოლაპარაკებები იმის მანიშნებელია, რომ ვაშინგტონი რუსეთს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში ეხმარება. კიევსა და ვაშინგტონის დავის ფონზე, კიევში ჩადის რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, შტატების ევროპელ მოკავშირეებს შორის კი გაურკვევლობაა. პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით ზედიზედ მეორედ იმართება ევროპელი ლიდერების შეხვედრა, რომელზეც უკრაინაში მიმდინარე ომისა და ამერიკა ევროპის ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ.