პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში
რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების და მსოფლიო გეოპოლიტიკის ფონზე, საქართველოში შენარჩუნებული მშვიდობა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები – პარლამენტში პოლიტიკური განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო დეპუტატებმა ძირითადად ამ საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენეს. პოლიტიკურ დებატებამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ ბულგარეთში ვიზიტი შეაჯამა და აქცენტი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყნის, საქართველოს – 6 თვის გეგმებზე გააკეთა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კი, საპარლამენტო ტრიბუნიდან ევროპა ორმაგ სტანდარტებში და ოპოზიციის რადიკალური ფრთა, გარე ძალების დავალებით ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს. პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებმა მმართველი გუნდი გააკრიტიკეს, 20 ივნისისა და ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის პოსტზე, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, საქართველომ სოფელ ჩორჩანაზე ეფექტური კონტროლი დაკარგა.