პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში

„საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობის შემცირება, დასავლეთის ორმაგი სტანდარტები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“ – ამ საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენეს დეპუტატებმა პარლამენტში პოლიტიკური განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ქვეყანაში ევროკავშირისადმი ნდობის შემცირებაზე პასუხისმგებლობას ევრობიუროკრატიას აკისრებს და მათ ბოლოდროინდელ ნაბიჯებს უკავშირებს. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირისკენ სვლას აგრძელებს და ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებების დროს ყურადღება „დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზეც“ გაამახვილეს და კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრეს. ამასთან, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე მითითებებს უცხოეთიდან ელოდება და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს.